მამუკა მდინარაძე– "ოცნების" აქციაზე: ერთი ადამიანიც არ იქნება, ვისაც არ უნდოდა და უთხრეს, რომ შენ უნდა წამოხვიდეო

28-04-2024 18:06:35 ციტატა

"დიახ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ რეგიონებიდან მათ შორის ფინანსურ მხარეს იმისას, რომ ორგანიზება იყოს და მგზავრობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ერთი ადამიანიც არ იქნება, ვისაც არ უნდოდა და უთხრეს, რომ შენ უნდა წამოხვიდეო. გარანტირებულად გეუბნებით. თუ ვინმეს არ უნდა, კატეგორიულად ვამბობ, რომ იმ შეკრებაზე არ უნდა იყოს. ყველას მივმართავ, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, ვისაც ხვალ წამოსვლა არ გნებავთ, არ უნდა იყოთ. თუ ვინმე იტყვის, რომ ძალით წამომიყვანესო, წინასწარ გეუბნებით, ეს იქნება დადგმული პროვოკაცია „ნაცმოძრაობის“ და მათი ტელევიზიების, მდიდარი „ენჯეოების“, რომლებიც შეიძლება, ამაში ფულსაც იხდიან", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ოცნების" ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის: 29 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. იმავე დღეს დილის 9 საათზე პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.

დღეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ზედიზედ, 9 დღეა, პარლამენტთან აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, შემდეგი განაცხადეს:

"ოცნების" კონტრაქციის დროს არანაირი აქტივობა არ გვექნება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე".

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, 120–ზე მეტი ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები