ახალგაზრდები: „ოცნების" კონტრაქციის დროს არანაირი აქტივობა არ გვექნება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე

28-04-2024 15:10:36 საზოგადოება

„29 აპრილს, „ოცნების” კონტრაქციის პარალელურად, არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილნი რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების სახელით, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლადო მაჭავარიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის მიზანი არასდროს ყოფილა თანამოქალაქეებთან დაპირისპირება და არავის მისცემენ შანსს, რაიმე სახის პროვოცირება მოხდეს.

„ბოლო დღეებში განსაკუთრებით გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ 29–ში „ქართული ოცნების” კონტრაქციის საპასუხოდ. ჩვენი პასუხი არის ერთადერთი – ერთობა და მშვიდობა. ჩვენ მივდივართ უძრაობის წინააღმდეგ ჩვენი მოძრაობით. აქციებზე დგომით, ჩვენ ისეთი ქვეყნის მიღწევას ვცდილობთ, რომელშიც ვიცხოვრებთ აბსოლუტურად ყველა, ვიქნებით ერთიანად, მშვიდობიანად და რომელიც იქნება ყველასთვის, რუსული კანონების გარეშე.

ჩვენ 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილნი რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან გვესმის, რომ ეს მხოლოდ გამოიწვევს პროვოკაციას. ჩვენ არ დავუპირისპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, სანამ ისინი აქ იქნებიან და არანაირად არ მივცემთ ვინმეს შანსს, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია და პროვოცირება მოახდინოს.

ხელისულება, რომელიც მუდმივად საუბრობს მშვიდობაზე, ირჩევს დაპირისპირების და პროვოკაციის გზას კონტრაქციით. ჩვენი პასუხი არის სხვანაირი. ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას.

ვაცნობიერებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, ვაგრძელებთ მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს. ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ჩვენი ბრძოლის მიზანი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ჩვენს მოქალაქეებთან, თანამოქალაქეებთან, რაიმე სახით დაპირისპირება. შესაბამისად, ჩვენ არ დავუპირისპირდებით ადამიანებს რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობასაც, ფაქტობრივად, ძალით უწევთ რუსთაველის გამზირზე დგომა „ქართული ოცნების” აქციაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ერთ მხარეს დგას მთელი ქართული საზოგადოება, მეორე მხარეს კი – „ქართული ოცნების” პოლიტიკოსების მცირე ჯგუფი, რომელსაც სურს რუსული კანონის მიღება. ჩვენ, ჩვენს თანამოქალაქეებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. პირიქით, ჩვენ ვმოძრაობთ მხოლოდ ერთიანი და ბედნიერი საქართველოსკენ ჩვენი ამ აქტით და ამ ნაბიჯით.

დღეს დაპირისპირება არის ის, რაც აწყობს მხოლოდ ჩვენს მტერს, რუსეთს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არ მივმართავთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც იქნება მიმართული დაპირისპირების შექმნისკენ და გააჩენს ამის შანსსაც კი. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, ჩვენ მათაც მოვუწოდებთ, რომ არ მიმართონ ისეთ ნაბიჯებს, რომ მოხდეს მოქალაქეების პროვოცირება.

შევხვდებით დღეს საღამოს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშზე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენი ბრძოლა მართალია და მშვიდობით, ღირსებით, თავშეკავებით და სიმართლით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ჩვენს მიზანს”, – განაცხადეს ახალგაზრდებმა.

ცნობისთვის: 29 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. იმავე დღეს დილის 9 საათზე პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, 120–ზე მეტი ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები