მამუკა მდინარაძე – "ოცნების" აქციაზე:  ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს ადამიანების რაოდენობა

28-04-2024 17:51:58 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მმართველი პარტიის დაგეგმილი აქციის მონაწილეთა რაოდენობა „ოცნების“ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, „ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და საწრმუნოება“, შეუერთდნენ დემონსტრაციას.

"ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის, როგორც ცნობილია, ხვალ საყოველთაო სახალხო შეკრება გვექნება, სადაც ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ აქციას, შეკრებას. ყველამ ერთად ვუთხრათ ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ევროპულ, ეროვნულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული. [...] რაც შეეხება მიმდინარეობას, ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები. 18:00 საათიდან ვიწყებთ შეკრებას, წარმოგიდგენიათ, 100 ათას ადამიანზე მეტი რომ შეიკრიბება ნახევარ საათში ამ ადამიანების ერთად შეკრება რთულია, ამიტომ, 18:00 საათიდან დაიწყება შეკრება. ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან. 2 საათი დასჭირდება შეკრებას 20:00 საათიდან იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის: 29 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. იმავე დღეს დილის 9 საათზე პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა.

დღეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ზედიზედ, 9 დღეა, პარლამენტთან აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, შემდეგი განაცხადეს:

"ოცნების" კონტრაქციის დროს არანაირი აქტივობა არ გვექნება რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე".

მანამდე, 28 აპრილს, კვირა საღამოს, 7 საათზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაა დაგეგმილი, 120–ზე მეტი ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები