საია: "ეს სატელეფონო ზარები აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მონაცემთა დამუშავება სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება"

08-05-2024 20:02:58 საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ "2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით".

ორგანიზაციის ცნობით, "ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება".

"მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამავე თემაზე: „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს დღესაც ურეკავენ, თუმცა უკვე ქართული ნომრებიდან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები