კონფლიქტოლოგი – აფხაზეთსა და ცხინვალზე: მაქვს მოლოდინი, რომ „ძვლებს“ გადმოყრიან – იქნება „გარეჯი საქართველოას“ მეორე სერია

08-05-2024 16:47:47 კონფლიქტები ,პოლიტიკა ,კომენტარი

ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც აკვირდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე პროცესებსა და დისკუსიებს, აქვს მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში „ძვლებს გადმოყრიან“ – იქნება პროცესის დაძვრის ილუზიის შექმნის მცდელობა, თუმცა ეს დასრულდება საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე.

„აფხაზურ საზოგადოებაში ინტენსიურად, ყოველდღიურად განიხილება საქართველო – რუსეთის დაახლოების შესაძლო შედეგები აფხაზეთისთვის. არის ანალიზი, რომ „თუ მოსკოვი და თბილისი იპოვიან საერთო ენას, მაშინ მოსკოვი ჩვენ თბილისს გადაგვცემსო“, ვითომ მოხდება და ტეროტორიული მთლიანობის აღდგენა – რუსული ვარიანტი. აფხაზეთში, განსხვავებით ცხინვალისგან, არის საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობა და თვლიან, რომ ეს არ მოხდება, „რუსეთი ჩვენ არ დაგვთმობს, რუსეთს სჭირდება შავი ზღვისპირეთი, არავითარ შემთხვევაში არ გადაგვცემენ საქართველოს“, მაგრამ თამაშები იქნება: მაგალითად, გუშინ არძინბა [ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი – რედ.]გადადგა, აიკრძალა საუბარი საქართველოს წინააღმდეგ (აშკარა დირეაქტივებია მოსკოვიდან), შესაძლოა, ხურჩაში გახსნან გადასასვლელი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ „ქართულ ენას აღარ დევნიან გალის რაიონში“... ცხინვალის მიმართულებითაც – თუ 10 დღე არის გადასასვლელი გახსნილი ახალგორის მიმართულებით, შეიძლება მთელი თვე გახსნან.

ამ დონეზე შესაძლოა, მოხდეს რაღაც ძვლების გადმოყრა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის, რომ ვიღაცამ თქვას, „აი, ხომ ხედავთ, რუსეთმა დაიწყო ჩვენთვის აფხაზეთის დაბრუნებაო“. მაქვს მოლოდინი, რომ რაღაც „ძვლებს“ გადმოყრიან – „გარეჯი საქართველოას“ ვარიანტია, მეორე სერია იქნება. როგორც კი დასრულდება არჩევნები , როგორც 2020 წელს, მაშინვე ყველას ყველაფერი დაავიწყდება, „აკრეფენ“ ყველაფერს და დავრჩებით გაღიმებულები, როგორც დავრჩით „გარეჯი საქართველოას“ კონტექსტში“,– ამბობს კონფლიქტოლოგი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები