რა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს რეკვისა და გინების ორგანიზებული კამპანია

08-05-2024 13:11:21 საზოგადოება ,ეს საინტერესოა ,კომენტარი

ამ დრომდე არც ერთ უწყებას არ განუცხადებია გამოძიების დაწყების შესახებ ორგანიზებული კამპანიის შესახებ, რა დროსაც მასობრივად ურეკავდნენ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს გაურკვეველი პირები და აგინებდნენ. ეს ბევრმა დაშინების და მორალური ტერორის მცდელობად აღიქვა.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მიიჩნევს, რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები და აუცილებელია გამოძიების დაწყება.

ის ორ გარემოებაზე მიუთითებს:

  • დიდი რაოდენობით პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშაება;
  • ადამიანების ორგანიზებული დევნა განსხვავებული აზრის გამო.

„ამ ოდენობის პერსონალური მონაცემები საიდან მოხვდა ამ გაურკვეველი ადამიანების ხელში (ცხადია, ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და ვინ დგანან მათ უკან), ეს არის გასარკვევი საკითხი. ეს უნდა გაარკვიოს პერსონალურ მონაემთა დაცვის სამსახურმა და არ არის საჭირო, ამისთვის ვინმე მიმართავდეს. ძალიან მასობრივ მონაცემთა უკანონო დამუშავებასთან გვაქვს საქმე და სამსახურს უნდა ჰქონდეს რეაქცია.

მეორე – ეს არის ადამიანების მასობრივი დევნა მათ მიერ გამოხატული აზრის გამო.

ამიტომ, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ეს ყველაფერი თავისი მიმართულებით. გარდა ამისა, ეს არის ორგანიზებული დევნა განსახვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, რომელზეც გამოძიება ასევე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს“,– ამბობს თოლორაია.

ის დარწმუნებულია, რომ პროცესის უკან დგას ხელისუფლება, „ეს ცალსახაა და არ მგონია, რომ რომელიმე გონიერი ადამიანი სხვა ალტერნატივას უშვებდეს“.

„11 მაისს დიდი აქციაა მოსალოდნელი და აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ აქციაზე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს“,– ასკვნის თოლორაია.

7 მაისს „აგენტების კანონის“ არაერთმა აქტიურმა მოწინააღმდეგემ განაცხადა, რომ უცნობი ადამიანები სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრებით ურეკავენ ურეკავენ და აგინებენ.

მათი მონაყოლის მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმა ერთმანეთის მსგავსია: ჯერ კითხულობენ ვინაობას, შემდეგ რიგ შემთხვევებში ინტერესდებიან, წაკითხული აქვთ თუ არა კანონპროექტი და იწყებენ შეურაცხყოფის მიყენებას. გამოქვეყნდა ამგვარი „კომუნიკაციის“ ამსახველი ვიდეოებიც.

უკვე 8 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. შავი სიების შექმნა დააანონსა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს, თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

მანამდე, ასევე 8 მაისს საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე.

ისევე, როგორც 2023 წლის სექტემბერში, სუსი ლაპარაკობს „მაიდანის სცენარზე" და პროცესების უცხოეთიდან დაფინანსებაზე.

„პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ”,– აცხადებენ სუს–ში.

სუსი კონკრეტული პირების დასახელების გარეშე აცხადებს, რომ „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში”.

სუსის განცხადებითვე, ეს პირები „განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს”, ასევე „კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა”. სუსი ირწმუნება, რომ „ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება”.

სუსის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ „ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება”.

სუსის განცხადებაში ლაპარაკია თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებაზე, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებაზე, რკინიგზის ბლოკირებაზე, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობასა და სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებაზე, ამ „დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის” უცხოეთიდან დაფინანსებასა და „კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში კრიპტოვალუტის გამოყენებაზე".

სუსის თანახმად, „საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას".

განცხადებაში არაფერია ნათქვამი, მიმართავს თუ არა სახელმწიფო ზომებს „საფრთხის" აღსაკვეთად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები