კანადა დამატებით თითქმის $12 მილიონს გამოუყოფს უკრაინას დრონებისა და ჭურვებისთვის

26-04-2024 23:09:47 მსოფლიო

კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 21-ე შეხვედრაზე (რამშტაინის ფორმატი) გამოაცხადა დამატებითი თანხების გამოყოფა უკრაინული დრონების წარმოებისა და ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც ევროპის კონტინენტს მიღმა საარტილერიო ჭურვების შესყიდვას ითვალისწინებს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

შეტყობინების მიხედვით, ბლერმა გამოაცხადა 3 მილიონი კანადური დოლარის (2.2 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის დრონების საწარმოებლად - რაც პირველად მოხდა კანადის დახმარების ისტორიაში - დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობით.

ოტავა ასევე შეიტანს დაახლოებით 13 მილიონი კანადური დოლარის (9,5 მილიონი აშშ დოლარი) წვლილს ჩეხეთის ინიციატივაში (გარდა უკვე გამოცხადებული 29,4 მილიონი აშშ დოლარისა), რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვა–მიწოდებას ითვალისწინებს.

ბლერმა ცალკე მიუთითა, რომ კანადა უკრაინას გადასცემს არა 800, არამედ 900 უპილოტო საფრენ აპარატ SkyRanger–ს, რომელთა მიწოდების შესახებ პირველად თებერვალში გამოცხადდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ USAI მექანიზმის ფარგლებში უკრაინისთვის 6 მილიარდ დოლარს გამოყოფს სამხედრო დახმარების სახით. ეს პროგრამა გულისხმობს აშშ-ის მთავრობის მხრიდან კონტრაქტების გაფორმებას ამერიკულ კომპანიებთან უკრაინისთვის ახალი იარაღის წარმოებისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები