რაკეტები, ჭურვები – ოსტინმა უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი პაკეტი გამოაცხადა

26-04-2024 22:11:26 მსოფლიო

აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის - ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი ახლახანს გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა და დააანონსა ახალი ვალდებულებაც.

„მოხარული ვარ, დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ვალდებულების შესახებ გამოვაცხადო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვითი მრეწველობისგან შევიძინოთ. ამგვარად, განცხადებები, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში გაკეთდა, ხაზს უსვამენ უკრაინისთვის თავდაცვის საქმისადმი აშშ-ის ურყევ ერთგულებას”, - განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული.

ოსტინმა დააკონკრეტა, რომ მასში შევა Patriot და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, და საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო საბრძოლო მასალის “მნიშვნელოვანი რაოდენობა”.

მანამდე პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო უკრაინაში ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში გარკვეული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადატანის პროცესი.

„არ ვაპირებ გამჟღავნებას, როდის ჩავა უკრაინაში კონკრეტული საბრძოლო მასალა ან აღჭურვილობა. იტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადაადგილების პროცესი, რომელიც რამდენიმე დღეში იქნება მიწოდებული, შესაძლოა, უფრო ადრეც“, - განაცხადა რაიდერმა.

ზოგიერთი აღჭურვილობის გადატანას სხვაზე მეტი დრო დასჭირდება, – თქვა მან.

”მაგრამ, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ შესაძლებლობებს, როგორიცაა საბრძოლო მასალა, თქვენ იცით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ მიწოდებაზე”, - დასძინა თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა.