„ხელისუფლება მანიპულირებს!“ – რეალურად ემუქრება თუ არა საფრთხე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას?

26-04-2024 15:16:30 საზოგადოება ,კომენტარი

მმართველი გუნდის წევრები ჯიუტად ცდილობენ ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობის ნიველირებას, რომელშიც, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმების შემოწმებაზეცაა საუბარი. სახელისუფლებო გუნდი არწმუნებს მოსახლეობას, რომ ამ უდიდეს მონაპოვარს არაფერი ემუქრება, „ევროკავშირის 27–ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭიროო“, თუმცა როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამგვარი თავდაჯერების საფუძველი არ არსებობს და რომ მმართველი გუნდის წევრებს შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.

კერძოდ, სპეციალისტები მიუთითებენ, სწრაფი შეჩერების მექანიზმზე, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს იქნა შემოღებული და მას შემდეგ რეფორმა რამდენჯერმე გაიარა.

„სინამდვილეში საკმარისია ქვეყნების უბრალო უმრავლესობის მიმართვა, რომ ევროკომისიამ შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყანასთან 9 თვით, ხოლო საკითხის შესწავლის შემდგომ (თუ დადასტურდა გაუქმებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა) კიდევ 18 თვით“,– ამბობს „აქცენტთან“ პოლიტოლოგი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ის იხსენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს.

ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმლური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდას. გარდა ამისა, ამჟამად ევროკავშირში განიხილავენ კიდევ ერთ საფუძვლად ქვეყანაში ადამიანის უფლებებების კუთხით არსებული მდგომარეობის გამოყენებას, „არაა გამორიცხული, მალე მიიღონ ეს ცვლილება და ამ შემთხვევაში, უპრობლემოდ მოხდება ჩვენს შემთხვევაში მისი გამოყენება“,– ამბობს გოგოლაშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზემოთხსენებული მუხლები „საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში“:

„ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიცირება. ჯერ-ჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც შესაძლოა გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას“.

რაც შეეხება სრულად შეჩერებას, სწორედ ამ შემთხვევაშია საჭირო სრული კონსენსუსი, მაგრამ „თუ იქნება რამდენიმე ქვეყნის დაჟინებული მოთხოვნა და დასაბუთება, რომ ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს, თანხმობის მიღწევაც ძალიან მარტივი იქნება“.

საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა, იმედებს ამყარებდეს უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანზე, მაგრამ გოგოლაშვილის აზრით, მას როგორც „უკრაინის შემთხვევაში უთხრეს, „გვერდზე გადექციო“, ზუსტად ასე ეტყვიან ამ შემხვევაშიც“. მაგრამ მინდა, აქ ხაზი გავუსვა, რომ კონსენსუსის მოგროვება არც დასჭირდებათ“ და ის ზემოთ ხსენებული მექანიზმის არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„წევრი ქვეყნების უბრალო უმრავლესობა მიმართავს ევროკომისიას, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს 9 თვით, „საქართველოდან ისედაც ბევრი ლტოლვილია და ამ კანონის [„აგენტების კანონი“] მიღებით შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი გაჩნდესო“. ეს საკითხი შესაძლოა, განიხილოს ქვეყანამ, რომელსაც ისედაც აქვს პრობლემა საქართველოდან თავშესაფრის ბევრი მაძლიებლის და შეიტანოს ამგვარი წინადადება“.

ის გამოდის შეხსენებით, რომ ევროპარლამენტი უმძლავრესი ინსტიტუციაა და რომ ხელისუფლება მანიპულირებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მის დაკნინებას ცდილობს:

„შესაძლოა კანონებს ევროკავშირის მინისტრთა საბჭო იღებს, მაგრამ ის კანონი არ შედის ძალაში, ვიდრე მას ევროპარლამნტი არ დაამტკიცებს. ნებისმიერი კანონის შემოღების ეტაპზე ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი ერთად მსჯელობენ. როდესაც ევროპარლამენტი გამოდის მოწოდებით, მაღალია ალბათობა, რომ ის განხორციელდეს. ამდენად, რეზოლუცია ფარატინა ქაღალდი არ არის. ევროპარლამენტს აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებებზე“.

იმავეზე ამახვილებს ყურადღებას დიპლომატი გიგი გიგიაძეც:

„ევროკავშირი ახლა ჩვენ ძალიან მკაცრად გვაფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ კანონის [„აგენტების კანონი“]ლობირება, მიღება, საქართველო წყვეტს თავის დაახლოებას ევროკავშირთან და არსებული ყველა ფორმატის გადახედვა ხდება შესაძლებელი! ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველო კარგავს უდიდეს ევროპულ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ გვქონდა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან!“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები