კავკასიური სახლი: “ოცნების” ამოცანაა, მიიღონ კანონი ჩვენს შესახებ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ეს არის ძალმომრეობა

25-04-2024 17:05:14 საზოგადოება

კავკასიური სახლი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ამოცანაა, მიიღონ კანონი მათ შესახებ მათი მონაწილეობის გარეშე, რაც ორგანიზაციის შეფასებით "ძალმომრეობაა".

კავკასიური სახლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2023 წლის 16 დეკემბერს ჩვენი ქვეყანა დიდმა სიხარულმა მოიცვა: ევროკომისიამ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად გამოაცხადა. სიხარულის ეს ტალღა თითქმის გადაება ჩვენი ფეხბურთელების დიდი გამარჯვებით გამოწვეულ საერთო-სახალხო ზეიმს: საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ეპოქალურ წარმატებას მიაღწია და პირველად დამოუკიდებლობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ადამიანთა გულებში ნანატრმა გრძნობამ დაისადგურა, გაჭირვებისა და უიმედობის სუსხმა უკან დაიხია, დროებით ყველას დაავიწყდა, რომ ათასგვარი კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით დასერილ, დაყოფილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა ეროვნული ერთიანობის მარცვლის გასაღვივებლად, ზეიმის შედეგად დამკვიდრებული ზავის შესანარჩუნებლად.

საუბედუროდ, საქართველოს მთავრობა სხვა ვნებამ შეიპყრო: განსაკუთრებული მონდომებით უმალვე ჩაგვაშხამა საერთო სიხარული.

3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ბ-ნმა მამუკა მდინარაძემ გვამცნო, რომ სამოქალაქო სექტორში უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით, უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეეცდებოდა სპეციალური კანონის მიღებას. დეპუტატმა კანონპროექტის ორ მთავარ დებულებაზე იმსჯელა:

1) უცხოური დაფინანსების მიმღები (უცხოური დაფინანსება 20%-ს უნდა აღემატებოდეს) ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, ყოველწლიურად შეავსოს სპეციალური ფინანსური დეკლარაცია.

2) დეკლარაციის შემვსები ორგანიზაციები ცხადდებიან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“, იუსტიციის სამინისტროში კი იქმნება ამგვარ ორგანიზაციათა საგანგებო რეესტრი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა მესიტყვემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტის ავტორები 2023 წელს ინიცირებულ კანონს ხელახლა თითქმის უცვლელად გვთავაზობენ. მთავარი ცვლილება მდგომარეობს სიტყვა „აგენტის“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“ ჩანაცვლებაში. ხელისუფალთა მტკიცებით, მათ ერთადერთი მოტივაცია ამოძრავებთ – სურთ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში „შავი ფულის“ ნაკადების გამოაშკარავება.

„კავკასიური სახლი“ სრულად უჭერს მხარს გამჭვირვალობის სტანდარტის გაუმჯობესებას. იმავე აზრზე არიან ჩვენი პარტნიორი და მოკავშირე ორგანიზაციებიც. ჩვენ მზად ვართ შევავსოთ ნებისმიერი ტიპის ფინანსური დეკლარაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, თუ საქართველოს სახელმწიფოს გარდა, ჩვენს თანამოქალაქეებსაც ზუსტად ეცოდინებათ, რა კონკრეტული მიზნით ვხარჯავთ დიდი გარჯით მოპოვებულ მოკრძალებულ თანხას.

სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთებას კანონის მეორე დებულება იწვევს. არცერთ გონიერ ადამიანს არ სჭირდება იმის ახსნა, რომ ქართულ კონტექსტში ტერმინი „აგენტი“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლი“, ორივე სამშობლოს მოღალატეს (სამშობლოს მოღალატეს თუ არა, მისი ინტერესების არაფრად ჩამგდებს მაინც) ნიშნავს. საქართველოში მოქმედ ათასობით ორგანიზაციასა თუ ასოციაციას, რომლებიც ხშირად სახელმწიფოს მიერ გასაკეთებელ საქმეს ეჭიდებიან, არ დაუმსახურებიათ ასეთი შეურაცხმყოფელი სტატუსი.

შეგახსენებთ, პოსტსაბჭოთა საქართველო არის ქვეყანა, სადაც საჯარო ინტერესების გამომხატველი ყველა ინსტიტუტი ფაქტობრივად გაუქმებულია. კლასიკური გაგებით, საქართველოში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური პარტია. ფუნქცია და შინაარსი აქვთ დაკარგული პროფკავშირებსა და დარგობრივ გაერთიანებებს, უმოქმედოა კვლევითი დაწესებულებების აბსოლუტური უმრავლესობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რჩებიან ადამიანთა საერთო მიზნებისთვის ორგანიზების ერთადერთ საშუალებად; ადამიანებს გაერთიანება, ერთად შრომა ფაქტობრივად მხოლოდ ამ იურიდიული ფორმით შეუძლიათ. დღეს მეცნიერებიც და ძიძებიც, გარემოსდამცველებიც და საარჩევნო დამკვირვებლებიც, ფერმერებიც და იურისტებიც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად ჯგუფდებიან, რათა თავიანთ პროფესიასა თუ იდეებს ემსახურონ.

ცხადია, ღარიბ სახელმწიფოსა და ჩამორჩენილ ეკონომიკას არ შეუძლია მოქალაქეთა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ინიციატივები დააფინანსოს და ამით ახალი სიცოცხლე შთაბეროს კულტურის, განათლებისა თუ რეგიონული განვითარების სფეროს. ამდენად, არასამთავრობო ორგანიზაციებს არსებობა მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული გრანტებით შეუძლიათ.

მაშასადამე, საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედი პოლიტიკური სისტემა ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებას, არსებობის ერთადერთ ფორმას გვიტოვებს: ჩვენი იდეების განსახორციელებლად დავაარსოთ არასამთავრობო ორგანიზაცია და მხარდაჭერა ცივილიზებულ დასავლეთში ვეძიოთ. და ამ ჩიხის გამო სახელმწიფო ისევ ჩვენ გვაცხადებს სამშობლოს მოღალატეებად და „მეხუთე კოლონად“. ეს ხომ წარმოუდგენელი უსამართლობაა!

რას ემსახურება კანონი „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არ გახლავთ. მთავარი ამოცანა უცხოეთიდან შემოსული კაპიტალის მიზნობრივი ხარჯვის გაკონტროლება რომ იყოს, ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტა უმტკივნეულოდ შეეძლო. ისინი ან მოქმედ ფინანსურ კანონმდებლობაში შეიტანდნენ ცვლილებებს და ამგვარად დააწესებდნენ ყოველწლიურად დეკლარაციათა შევსების რეგულაციას, ან კანონის შედგენისას ნეიტრალურ, არაშეურცხმყოფელ განსაზღვრებას (მაგალითად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ ნაცვლად „საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ორგანიზაცია“) გამოიყენებდნენ.

„ქართულ ოცნებას“ კანონის საქმიანი განხილვის სურვილი რომ ჰქონოდა, უარს იტყოდა მონოლოგურ რიტორიკასა და დისკრედიტირებულ ძალებთან უსაგნო დისკუსიაზე. მათ შეეძლოთ თუნდაც „კავკასიურ სახლთან“, ან მსგავს ორგანიზაციებთან ერთად დეტალურად განეხილათ კანონის კონცეფციაც და ყველა ძირითადი პუნქტიც. თუმცა, ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ჯგუფები დუმილით შეხვდნენ ჩვენს ყველა მცდელობას, წამოგვეწყო ამგვარი განხილვები. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი. მათი ამოცანაა, მიიღონ კანონი ჩვენს შესახებ, ოღონდ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ – ძალმომრეობა.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ გამჭვირვალობისთვის თავგამოდებას ცინიკური ელფერი დაჰკრავს: „უცხოური ძალის გამჭვირვალობის კანონის“ პარალელურად საპარლამენტო უმცირესობა ე.წ. „ოფშორების კანონსაც“ განიხილავს, რომელიც მიზნად ისახავს შორეულ კუნძულებზე დაბანდებული ანონიმური, კანონგარეშე კაპიტალის საქართველოში შემოდინებას გადასახადებისა თუ რეგულაციების გარეშე. კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ დაუფარავად აღნიშნა, „ოფშორულ ზონებში“ გამჭვირვალობის სტანდარტები დაწესდა, გადასახადები გაიზარდა და გლობალურ კაპიტალს იქ აღარ დაედგომებაო. მას ფრიად დასამხსოვრებელი ფრაზაც კი წამოცდა: „შემოვლიან და გაათეთრებენ“. მაშასადამე, მთავრობისთვის, რომელსაც უნდა საქართველო გლობალური, შავი ფულის გათეთრების ასპარეზად აქციოს, გამჭვირვალობა უმაღლესი ღირებულება ყოფილა, რისი დაჯერებაც შეუძლებელია.

ხელისუფლების სიჯიუტე, აგრესიულობა, უკომპრომისობა ცხადყოფს, რომ კანონის უმთავრესი მიზანია შეავიწროვოს სამოქალაქო საზოგადოება და იგი „ხალხის მტრების კასტად“ გამოაცხადოს. ვეღარავინ უნდა გაბედოს პოლიტიკური ლიდერების კრიტიკა, როცა ისინი სასიცოცხლო სივრცის განადგურებაზე ორიენტირებულ პროექტებს წამოიწყებენ, როცა სოციალური უსამართლობასა და ჩაგვრას წაახალისებენ, როცა მარადიული ძალაუფლებისკენ სწრაფვას გამოავლენენ.

არაერთხელ ითქვა და ჩვენც ვიმეორებთ, რომ 2012 წელს ზუსტად ამ ნაბიჯით, უმნიშვნელო და უწყინარი წესებით დაიწყო რუსეთის ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა, დღეს კი მწერლებიც და „თალიბანის“ მოკავშირეებიც ერთ ჯგუფად, ტერორისტებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებიან.

არავინ იფიქროს, თითქოს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს იდეალურ დაწესებულებებად აღვიქვამთ. ვინ და რა არის ამქვეყნად იდეალური? არაერთ მათგანთან თავად გვაქვს კონფლიქტი ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის თაობაზე. უბრალოდ, კრიტიკა ერთია და ერთიანად მოსპობის სურვილი მეორე. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ხელისუფლების მოტივაცია მთელი სექტორის დაუძლურება და განადგურებაა, და არა სამართლიანი და პატიოსანი წესების დამკვიდრება.

„უცხოური ძალის გამჭვირვალობის კანონის“ მეორე მიზანი პოლიტიკურია. მმართველობის მეთორმეტე წლისთავზე „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი ვადით სურს ხელისუფლებაში დარჩენა. ძალაუფლების გახანგრძლივების გზაზე მათ ერთადერთი ბარიერი ეღობებათ, რადგან პროპაგანდისტულ მანქანად ქცეულ ტელევიზიებსა და სრულიად კონტრპროდუქტიულ ოპოზიციას მათი სვლის შეფერხება არ შესწევთ. „ქართულ ოცნების“ ავტორიტარულ მიდრეკილებებს აქამდე მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბალანსებდნენ, რომლებიც ხელისუფლებას ყოველ ნაბიჯზე შეახსენებენ დემოკრატიული სტანდარტების დაცვის აუცილებლობას.

ცხადია, ევროპელებიც ადამიანები არიან და ხშირად ცდებიან, მათი ყველა შენიშვნისა და მითითების გაზიარების უპირობო ვალდებულება არავის აქვს (ჩვენ პირველებმა შევუტიეთ მავანი ევროპარლამენტარის არაადეკვატურ გამონათქვამებს ქართული სინამდვილის თაობაზე). მაგრამ ერთია, აკადემიურ დონეზე უპასუხო უსამართლო ბრალდებას და მეორეა, დასავლეთთან ყველა ხიდის გადაწვა. ეს ხომ სრულიად მარტო გვტოვებს რუსეთიდან, ახლო და შორეული აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე.

ჩვენს ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ის მეთოდი, რომლითაც „ქართული ოცნება“ კრიზისის მოგვარებას ცდილობს: მან ახალგაზრდების მასობრივი გამოსვლების საპირისპიროდ თავის მომხრეთა „საერთო-სახალხო“ მობილიზება გამოაცხადა და 29 აპრილს დიდი კონტრდემონსტრაცია დაგეგმა (მწარე მოგონება: 90-იან წლებში მოშიმშილე ოპოზიციონერების დასათრგუნად „ეროვნულმა ხელისუფლებამ“ თავისი მოშიმშილეები დასხა მთავრობის სასახლის წინ, რაზედაც დიდმა ბიბლეისტმა, ბ-ნმა ზურაბ კიკნაძემ აღნიშნა: „შიმშილითა შიმშილისა დამთრგუნველი“-ო, ახლა ვმოქმედებთ პრინციპით: „მიტინგითა მიტინგისა დამთრგუნელი“).

არგუმენტების ძიებას აქციების ორგანიზება არ ჯობს! მერე რა, თუ საჯარო მოხელეებმა მთელი დღე მგზავრობასა და ფეხზე დგომაში უნდა გაატარონ! ხოლო ისედაც ბიზნესსექტორად გადაქცეული, უხარისხო განათლების მსხვერპლმა ახალგაზრდებმა ამდენი ენერგია საპროტესტო აქციებს შეალიონ!

საკუთარ ხალხთან დიალოგის ნაცვლად მსგავსი პოლიტიკური ილეთების გამოყენება ჩვენს უახლეს ისტორიაში ყოველთვის სავალალოდ სრულდებოდა.

მსოფლიოში და ჩვენი საზღვრების სიახლოვეს საშინელი ომები მძვინვარებს, ნადგურდება ათასობით ადამიანის სიცოცხლე, საცხოვრისი, ცოცხალი ბუნება; ქრება დაცულობის ყოველგვარი განცდა და იმედი; გლობალური პროცესები კონტროლს აღარ ექვემდებარება.

ამ სიტუაციაში ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ასეთი რყევები, რაც ამ კანონპროექტმა გამოიწვია, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ კლასსა და საზოგადოებას, წყალში ნუ ჩავყრით დღემდე შენარჩუნებულ მშვიდობას. ეს კი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ხელისუფლება, ბოლოსდაბოლოს, უარს იტყვის მოქალაქეების ინტერესთა უგულვებელყოფაზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები