თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

25-04-2024 16:43:52 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს, რომლის საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგო ჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა მიულოცეს.

„სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე, ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარებისა და მოდერნიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის დაჯილდოვდნენ მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, ხოლო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლებით - „სამშობლოსთვის თავდადებული“. ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის საშტატო იარაღი, ასევე, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მედლები - „გიორგი ანწუხელიძე" გადაეცათ.

ლოჯისტიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც გაიმართა“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები