ოპოზიცია – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის მძიმე განაჩენი ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის

25-04-2024 16:07:39 პოლიტიკა

"ეს არის მძიმე განაჩენი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის", – ასე ეხმიანებიან ოპოზიციაში ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციას.

“საქართველოს საერთაშორისო მეგობრები და განსაკუთრებით ევროკავშირი ძალიან მკაცრად აფრთხილებენ ივანიშვილის პარტიას და პირადად ივანიშვილს, რომ “რუსული კანონის” რეინიცირება საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმ რეზოლუციით, რომელიც დღეს მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის შესწორების სახით შევიდა ივანიშვილის პერსონალური სანქციების საკითხი, რაც ცხადყოფს, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟზე და შესაბამისად, ევროპის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას. ეს ძალიან მძიმე განაცხადი და განაჩენია ივანიშვილისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის, რომლებმაც ღიად აირჩიეს გეზი რუსეთისკენ საქართველოს პარლამენტში “რუსული კანონის” რეინიცირებით”, - განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პირად გაფრთხილებას ამ თვის ბოლოს კონკრეტულად ევროკავშირისგან მიიღებს.

“ეს არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის. მე როგორც ვიცი, ასევე პირად გაფრთხილებას მიიღებს ის კონკრეტულად ევროკავშირისგან ამ თვის ბოლოს და ეს ნამდვილად ბოლო გაფრთხილება იქნება მისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ინტერესში ამ გაფრთხილების სიმწვავეს გაითავისებს და გაიაზრებს ბიძინა ივანიშვილი. მისი პარტიის წევრები კი ბუნებრივია, იგივე მორჩილებით, რასაც ამ დრომდე ავლენდნენ, შეასრულებენ დავალებას, რომელსაც თავად ივანიშვილისგან მიიღებენ, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესი, მაგრამ ახლა ხვდება, რომ რაც მისთვის მნიშვნელოვანია - მისი ფინანსური აქტივები, შესაძლებელია საფრთხის ქვეშ დადგეს”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ფაქტობრივად, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება".

მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა, გაიწვიოს "აგენტების კანონი":

„რუსული კანონი და ევროკავშირი შეუთავსებელია ევროკავშირისთვის, პირდაპირ არის საუბარი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ თუ ამ კანონის განხილვა გაგრძელდება, საერთოდ შეჩერდება ევროკავშირში ინტეგრაციაზე საუბარი და უფრო მძიმე, რაზეც არის საუბარი, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს უვიზო მიმოსვლას და ბევრ იმ საკითხს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ევროკავშირთან მიმართებით.

ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს: ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე არ არის დაკარგული, ჯერ კიდევ არის შანსი იმის, რომ თქვენ ეს კანონი სასწრაფოდ გაიწვიოთ უკან და როგორც მინიმუმ ეს უმძიმესი ვითარება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რაც ახლა დგას და სადაც საქართველო აღმოჩნდა, ავირიდოთ თავიდან. ხომ ხედავთ, რომ რუსული კანონი და ევროკავშირი არის შეუთავსებელი ერთმანეთისთვის, რას ეუბნებით თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, ჩვენს ისტორიას, აწმყოს და მომავალს, რომ რა გააკეთეთ? აირჩიეთ გზა, რომელიც არ არის ქართველი ხალხის არჩევანი? რომ საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ წახვედით? დაფიქრდით ხალხო, დაფიქრდით უბრალოდ რას გაძალებთ და რას გაკეთებინებთ ეს ადამიანი, ივანიშვილ ბიძინად წოდებული. უბრალოდ დაფიქრდით, რა მდგომარეობაში აგდებთ ქვეყანას, დაფიქრდით ხვალ და ზეგ ქუჩაში გამოსვლის ხომ არ შეგრცხვებათ თუ გააგრძელებთ ასეთ მსახურებას?! მერწმუნეთ, რომ უკან დახევა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სირცხვილი. მე მოვალ და ყველას ხელს ჩამოგართმევთ, მადლობასაც გეტყვით, ვინც ამას გააკეთებთ იმიტომ, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს ინტერესები დევს ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ".

ამასთან, მან საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა:

"ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს ევროკავშირში უნდა იხილებოდეს საქართველოს დახმარებები, ის მილიარდები, როგორ უნდა განაწილდეს, რომელსაც ელოდება სოფელი, ქალაქი, ახალგაზრდა თუ დიდი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაგი მტრის რუსულმა კანონმა ჩვენ სრულად სხვა რეალობა გაგვითენა. ამიტომ, ძალა ერთობაშია! რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ვიყოთ ერთად".

"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ "ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება".

"ვერ ვიქნებით ევროპა, თუ ქვეყანაში იქნება მიღებული რუსული კანონი. ეს ყველაფერი, უკვე ყველას გვეხება, მიუხედავად იმისა, გვაინტერესებს და ვერევით პოლიტიკაში თუ არა, არჩევანი ჩვენზეა, და ეს არჩევანი მკაფიოდ დაფიქსირდება", – წერს იგი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე: სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები