პრეზიდენტს ლევან ზურაბაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

25-04-2024 14:00:42 პოლიტიკა

მოძრაობა „ხმა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ ლევან ზურაბაშვილი შეიწყალოს.

„ვულოცავთ გათავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისს. დაუმტკიცებელი ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობისთვის ახალგაზრდა ადამიანის გაწირვა და ამის დაჟინებული მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილის მხრიდან გამაოგნებელია და სამარცხვინო. თუ ლაზარეს ცეცხლის წაკიდებას ედავებოდნენ, ლევან ზურაბაშვილი მეოთხე წელია, სათამაშო პისტოლეტისთვის ზის ციხეში. რასაც ლევანი დაუპირისპირდა, ავთვისებიან სიმსივნესავით გვაქვს მოდებული საერთო სოციალურ სხეულზე. ძარცვა და დამცირება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვალით და ძარცვით დატანჯული ჩვენი ხალხისთვის პირიდან ლუკმის ამომრთმევი ბანკების, სლოტ-კლუბებისა თუ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა ბანდიტიზმის ნაირსახეობად განიხილება – ინსტიტუციონალიზებულ ბანდიტიზმად. პოლიტიკური კლასის ძირითადი ნაწილი ან მათგან მომდინარეობს, ან მათი მოკავშირე და ლობია. ხოლო ამ ბანდიტების მიმართ შურისმაძიებლობა აღიქმება როგორც მორალური შეთქმულება ჩაგვრის და მჩაგვრელის წინააღმდეგ. ამ შეთქმულებაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს და დაინახავს საკუთარ ადგილს“, – ნათქვამია „ხმის“ განცხადებაში.

პოლიციამ ლევან ზურაბაშვილი 2020 წლის 20 ნოემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, მას ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში 17 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი. მას 9–წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დაკავებული სამ მოთხოვნას აყენებდა: აიკრძალოს აზარტული თამაშები; ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში; შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები