ბრიტანული დაზვერვა: ივანოვის საქმე არის ყველაზე სერიოზული სკანდალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერდიუკოვის გადადგომის შემდეგ

25-04-2024 13:53:55 მსოფლიო

ბრიტანულმა დაზვერვამ 25 აპრილის მიმოხილვაში გააანალიზა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ტიმურ ივანოვის დაკავების ფაქტი, რომელსაც ქრთამის აღებას ედავებიან.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ივანოვის საქმე არის ყველაზე სერიოზული სკანდალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 2012 წლის ნოემბერში უწყების ხელმძღვანელის ანატოლი სერდიუკოვის გადადგომის შემდეგ.

ივანოვის დაკავების შესახებ 23 აპრილს გახდა ცნობილი. მას ბრალად დიდი ოდენობით თანხის ქრთამის სახით აღებას ედავებიან, რაც რუსეთის კანონმდებლობით, თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. თავად სერგეი შოიგუს მოადგილე უარყოფს რაიმე სახის დანაშაულთან კავშირს.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ივანოვი იყო ვიცე-პრემიერი მოსკოვის რეგიონის მთავრობაში 2012 წელს. იმ დროს რეგიონის გუბერნატორი გახლდათ რუსეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი შოიგუ. ამიტომ, დაზვერვის ვარაუდით, მათ აქვთ მჭიდრო კავშირები.

ივანოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წელს დაინიშნა. იუწყებიან, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში რეკონსტრუქციის პროექტებში.

მისი 2018 წლის დეკლარაციაში მითითებულია, რომ ივანოვი ფლობს 22 მანქანას.

„ივანოვის მდიდრული ცხოვრების წესის შესახებ ცნობები უხერხულად ჯდება პუტინის თებერვლის მიმართვაში ხალხისადმი, რომელიც ამ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირებისგან ახალი ეროვნული ელიტის შექმნისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები