დეპუტატი კაჭარავა "აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო მსვლელობის მონაწილეებს არწმუნებს, რომ “ეს კანონი ქართულია”

23-04-2024 22:39:46

პარლამენტის შენობის წინ "აგენტების" შესახებ კანონი დღესაც გააპროტესტეს. დღევანდელ აქციაზე დემონსტრანტები მსვლელობით ევროკავშირის ოფისისკენ წავიდნენ, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარტია " ხალხის ძალის" წარმომადგენლის დავით კაჭარავას ავტომობილი მსვლელობის შუაგულში აღმოჩნდა.

დემონსტრანტებმა მას გზა გადაუკეტეს და კითხვები დაუსვეს.

"ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ესაა მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი და მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით. ახლა კარგად ბრძანდებოდეთ", - მიმართა მან აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც პატრულის დახმარებით ჩაჯდა საკუთარ ავტომობილში და პატრულისვე თანხლებით დატოვა მსვლელობის ტერიტორია.

მეექვსე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი უნივერსიტეტების აუდიტორიებშიც გადაინაცვლებს და ასე მოემზადებიან პარლამენტში „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები