ბიძინა ივანიშვილის, ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის სანქცირება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ

23-04-2024 21:20:31 პოლიტიკა

ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე, მათ შორის საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომლის მთავარი თემა "აგენტების" კანონი იყო.

ევროპარლამენტარებმა საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" მწვავედ გააკრიტიკეს და მას კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდეს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარების ნაწილი, გამოვიდა მოწოდებით, სანქციები დაწესდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

„მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, დაუწესდეს პერსონალური სანქციები საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებსა და აორგანიზებენ მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევას - ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

მისივე თქმით, "აგენტების" შესახებ კანონი "რუსულ ავტორიტარიზმზეა დაფუძნებული".

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებით, მათ შორის ანა ფოტიგა, მირიამ ლექსმანი და მაიკლ გალერი გამოვიდნენ.

გალერმა "ქართული ოცნების" რიგ წარმომადგენლებს „უცხოეთის გავლენის აგენტები“ უწოდა:

„ჩემი შთაბეჭდილებით, თუკი უცხოეთის აგენტებზე ვსაუბრობთ, ერთადერთი უცხოეთის აგენტები მმართველ პარტიაში მყოფი ის ხალხია, ვინც „აკოპირებს“ რუსულ კანონებს და ხელს უწყობს ისეთ მმართველობას, როგორიც რუსეთშია, - შესაძლოა, მისი სახელითაც კი“.

„შეთავაზებული კანონმდებლობა ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, მაშინ ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. პირველი, ჩვენ უნდა გავყინოთ ნებისმიერი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა, მეორე, სამომავლოდ, ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობითი და მე ვთხოვ საბჭოს, დაუწესოს სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და გაათავისუფლოს მიშა სააკაშვილი“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა და შესაძლებელია, დადგეს ფინანსური შედეგებიც".

„გასულ წელს ბევრმა ჩვენგანმა გამოხატა თავისი პოზიცია „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. მაგრამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მთავრობამ დაარღვია დაპირება და ამ კანონის გატანას აპირებს. ამასთან ერთად, ცდილობს, შეზღუდოს ლგბტ+ პირების უფლებები საქართველოში და მშვიდობიანი დემონსტრანტები კვლავაც რეპრესიების წინაშე არიან. ყველაფერი ეს არღვევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს", – განაცხადა მან.

ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ მართალია, საქართაველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ „თუ ამ კანონს მიიღებენ, ნამდვილად არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანდება“.

მიკსერის შეფასებით, "ბოლო წლებში საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები და „აქვს პრობლემები საბაზისო უფლებებთან, სასამართლოსთან, პრესის თავისუფლებასთან“ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების" მთავრობა სულ უფრო და უფრო არალიბერალური და არაევროპული ხდება“, - დასძინა მან.

ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა „ქართული ოცნებას" მიმართა, "არ გააწბილოს ქართველი ხალხი", ხოლო ქართველ ხალხს მოუწოდა წავიდეს არჩევნებზე და "ნამდვილად პროევროპული ეროვნული პარლამენტი" აირჩიოს:

„დღეს ჩემი ბოლო მიმართვაა პლენარულ სხდომაზე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის და ევროაკავშირ- საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში. მე მაქვს ორი გზავნილი, პირველი საქართველოს პოლიტიკოსების მიმართ, კერძოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ, გთხოვთ, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნა. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი ხალხის ოცნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. არ გააწბილოთ ხალხი. მეორე, მე მსურს, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტი, ასევე, გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი წილი უნდა გააკეთოთ- წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი“.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარების ნაწილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა.

"ჩვენ საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მივანიჭეთ, საქართველოს ხალხის ნების აღიარებით და საქართველოს მოქალაქეების ეს ნება უკვე დაარღვიეს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის ხელახლა წარდგენით. ჩვენ უნდა დავაწესოთ მიზანმიმართული სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები