ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა

23-04-2024 17:24:47 საზოგადოება

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 მ-ზეა გაჭრილი.

„ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში იგეგმება.

„სხვადასხვა თვალსაზრისით, ეკონომიკური, სატრანზიტო, სოციალური თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ეს უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს. [...] ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რაც 45 წუთით შეამცირებს დღევანდელი ერთსაათიანი მგზავრობის დროს, ასევე სამი თვის განმავლობაში უამინდობის გამო, აქ იკეტებოდა გზა, რაც აღარ იქნება საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება გზის ეს მონაკვეთი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც გვირაბის გაჭრის დასრულების ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას 2020 წელს აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რიგი ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები. ისინი საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებდნენ, რომ რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენებულიყო.

2019 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დამაკავშირებელ ე.წ. „საქართველოს სამხედრო გზაზე“ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტს „ახალ როკის გვირაბი“ უწოდა.

“ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის შესახებ. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, - წერდა მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სულ სხვაგვარ შეფასებას აძლევდა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მასშტაბური გვირაბის აშენებას 2012 წლის 9 აპრილს ყაზბეგის რაიონში სიტყვით გამოსვლისას.

„ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება“, - განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები