სტუდენტებმა მორიგი აქცია 20 აპრილს, 19:00 საათზე დააანონსეს

20-04-2024 00:23:15 საზოგადოება

"აგენტების" შესახებ კანონის" გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილმა სტუდენტებმა მორიგი აქცია ხვალ, 20 აპრილს,19:00 საათზე დააანონსეს.

მათი თქმით, ხვალ გახდება ცნობილი აქციის კონკრეტული გეგმა.

აქციის მონაწილე ახალგაზრდები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება კანონპროექტს არ გაიწვევს.

კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ კვლავ გრძელდება.

ახალგაზრდები დღეს, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს.

პარლამენტთან დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა „დაფიონია“.

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები