პრეზიდენტი – "ოცნების" მიერ "აგენტების" კანონპროექტის დაბრუნებაზე: ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ

19-04-2024 14:45:24 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვიტარებულ მოველენებზე LN24-თან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "თქვენ თქვით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპული გზის მომხრეა, მაგრამ მან მოიყვანა ხელისუფლებაში პარტია ,,ქართული ოცნება“, რადგან ის ამბობდა, რომ სურდა საქართველოს ევროპისკენ წაყვანა, და გააკეთა კიდევაც ეს. რატომ არის ასეთი შემობრუნება დღეს?", პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან რთული ასახსნელია. სწორედ ამ უმრავლესობამ შეიტანა კონსტიტუციაში მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალაუფლებაშია, რომ ხელი შეუწყოს ამ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. და ისევ ეს პარტია დღეს აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ხელი შეუშალოს ამ ინტეგრაციას. ერთადერთი შესაძლო პასუხი არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის ზეწოლის, ან გავლენის ქვეშ, რომელიც არის ერთადერთი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარებაში".

ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 15 აპრილის შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება საკანონმდებლო ორგანოსთან. 16 აპრილს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, მოგვიანებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. როგორც პარლამენტთან ღამით დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა დემონსტრანტები კონდახებით სცემეს. "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ისინი სპეცრაზმელებმა პროფესული საქმიანობის შესრულებისას სცემეს.

17 აპრილს პარლამენტმა „აგენტების" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები