შს მინისტრმა "ძალიან სამწუხარო" უწოდა ალეკო ელისაშვილის "შემთხვევას"

19-04-2024 13:09:45 სამართალი

საქართველოს შს მინისტრმა "ძალიან სამწუხარო" უწოდა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის "შემთხვევას". საუბარია 17 აპრილის მოვლენებზე.

ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა.

„სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით მიკერძოებული ხარო...“, - თქვა გომელაურმა.

ალეკო ელისაშვილმა 18 აპრილს ჟურნალისტებს უამბო, რომ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველების სამიზე გახდა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მითითებით.

„უშუალოს ვაჟა სირაძის [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – რედ.] მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ დროს წავიქეცი და იქ დაგდებულს გვირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში, გადამიყვანეს წერეთელზე, შსს-ს დიდუბის განყოფილებაში (იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო)... მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა [გვერდი] და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი. ანჯელინა ჯოლის "ტუჩიც“ მოვიპოვე ბრძოლით“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა 18 აპრილს ჟურნალისტებთან.

თავად ელისაშვილმა და მისმა კოლეგებმა ოპოზიციიდან აღნიშნული შურისძიებად შეაფასეს "აგენტების კანონის" განხილვისას მამუკა მდინარაძესთან მომხდარი ინციდენტის გამო.

როგორც დაანონსდა, ელისაშვილი დღეს გამოიკითხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები