ლატვიის პარლამენტის წევრი - "აგენტების" შესახებ კანონზე: "ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა"

19-04-2024 10:43:19 პოლიტიკა

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების" შესახებ კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად" აფასებს. ის ერთ-ერთია იმ 14 ევროუპლი ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ამ კანონის ინიცირება ძირს უთხრის საქართველოს მიერ მძიმე შრომით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას.

"ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ [რომელიმე] სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან… ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ. რა თქმა უნდა, ეს [კანონი] საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას", - განაცხადა კოლსმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

როგორც მაან აღნიშნა, "ეს კანონპროექტი, როგორც ევროკავშირი და წევრ სახელმწიფოებში ექსპერტები ამბობენ, მეტ-ნეკლებად კოპირებული ვერსიაა მისი რუსული ექვივალენტისგან - რომლის მიზანიც მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებაა".

მისი თქმით, "ეს [კანონი] იძლევა ინსტრუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს არა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, არამედ - შეზღუდვას, იმ მექანიზმების ქონას, რომ “თუ კარგად არ მოიქცევით, შეიძლება ამის შედეგები მოიმკათ" - და კიდევ ერთხელ სვამს კითხვას, "თუ რატომაა საჭირო ამ კანონის ამ ფორმით მიღება მაშინ, როდესაც ფინანსური ინფორმაცია სახელმწიფოს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ისედაც საკმარისად აქვს".