პარლამენტში არც დღეს შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს

19-04-2024 00:05:17 პოლიტიკა ,საზოგადოება

საქართველოს პარლამენტში არც დღეს, 19 აპრილს შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის" შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, 19 აპრილს ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ მოქმედებს.

„ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“ და „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“.

შეზღუდვის მიზნად გამოცხადებულია „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“.

ეს შეზღუდვა არ ეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„უსაფრთხოების ყვითელი დონე“ 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა კვლავ დაიწყო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ განხილვა, რაც მასობრივ პროტესტს იწვევს. პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის 83–მა დეპუტატმა.

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ონლაინგამოცემების ჟურნალისტები აკრედიტაციას „ბოროტად იყენებდნენ“ და პარლამენტში შედიოდნენ არა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ „პროტესტის გამოსახატად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები