პოლონეთში ზელენსკიზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

18-04-2024 22:58:14 მსოფლიო

პოლონეთში დააკავეს ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთთან თანამშრომლობაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის პატიმრობაში დარჩება.

იუწყებიან, რომ მან რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის შეაგროვა ინფორმაცია პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში მდებარე აეროდრომის შესახებ, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვართან.

ამტკიცებენ, რომ ეს ინფორმაცია, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დახმარებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მომზადებას.

პოლონეთის პროკურატურის ცნობით, ამ ქვეყნის მოქალაქე პაველ კ. 17 აპრილს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო 18 აპრილს გახდა.

იუწყებიან, რომ ამ საქმეზე მასალები და მტკიცებულებები უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გადასცა პოლონურ მხარეს.

პოლონეთის მოქალაქის დაკავების შესახებ შეტყობინება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი საკუთარი ინიციატივით, დაუკავშირდა რუსეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებს. ასევე ნახსენებია ზელენსკიზე თავდასხმის შესაძლო მომზადება პოლონეთში ვიზიტის დროს.

ეჭვმიტანილის დაკავების გადაწყვეტილება ვარშავის სასამართლომ მიიღო. მას ბრალი წაუყენეს "მზაობა, იმოქმედოს საგარეო დაზვერვის ინტერესების მიხედვით პოლონეთის წინააღმდეგ". ეს მუხლი რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება. საქმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ორივე მხარემ ხაზი გაუსვა პოლონეთისა და უკრაინის სადაზვერვო და სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ამ საკითხში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები