მეთიუ  მილერი: პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას, მოვუწოდებთ მთავრობას, მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს

05-04-2024 09:37:40 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ ეხმიანებიან "აგენტების" შესახებ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში დაბრუნების ფაქტს და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება "საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას".

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი მეთიუ მილერი.

იგი აღნიშნულ საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტში გუშინ გამართულ პრეს–კონფერენციაზეც გამოეხმაურა:

„ვნახეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ პოტენციურად კანონპროექტის მიღებას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა თავიანთი ევროპული ამბიციების შესახებ და უარყვეს ამ კანონის მიღება. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა”.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად უკვე ინიცირებულია. როდის დაიწყება მისი საკომიტეტო განხილვები ჯერ–ჯერობით უცნობია.

პრეზიდენტი – "ოცნებას": არც ეროვნული და არც ევროპული სულისკვეთება არ გაგაჩნიათ, რუსეთი არასოდეს დაბრუნდება აქ.

კორნელი კაკაჩია: საქართველოში ავტორიტარიანიზმის კონსოლიდირება არავის გამოსვლია, ცეცხლს ეთამაშებიან!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები