ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში

28-03-2024 22:51:18 პოლიტიკა ,საზოგადოება

მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, - ამბობს პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

„ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომლის მანდატი მთელ მსოფილოზე ვრცელდება და რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. კომიტეტის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოსთვის და მის პრაქტიკაში მრავლადაა საქმეები, სადაც სტრასბურგის გადაწყვეტილება (მით უმეტეს, ერთი მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებობაზე) სრულიად უგულვებელყოფილია და სხვა შინაარსის დასკვნებია გაკეთებული.

მეტი კომენტარი ამ საკითხზე ჩემგან აღარ იქნება. სხვა თუ არაფერი, სამართლებრივი ეთიკის საკითხია, რომ უფრო მეტად აღარ განვავრცო ეს საკთხი“,- წერს გვარამია.

„რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა", - თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა თქვა, რომ არ იცის სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მათი სარჩელის არმიღების რაიმე ოფიციალური მიზეზი: „სამწუხაროდ, არაფერი ეწერა. ერთი წინადადება იყო, განმარტების გარეშე“.

ხსენებული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან დღეს, 28 მარტს ხისტი განცხადებების საფუძველი გახდა.შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამია შეიწყალა. ამასთან, „ფარსად" შეაფასა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან; შემდეგ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალება, მან ვერც კი გაბედა აეხსნა, რა იყო საფუძველი შეწყალებისა; ვნახეთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომელიც იწონებდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც დეპოლარიზაციის ნაბიჯს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო. არავითარი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო", - თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, „დადასტურდა, რომ ის [ნიკა გვარამია] არის სისხლის სამართლის დამნაშავე. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა".

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.

2023 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები