ეროვნული მუზეუმი – წიქარიძის საქმეზე: არ განვიხილავთ ყოფილი თანამშრომლის დაბრუნებას

28-03-2024 15:59:51 პოლიტიკა ,საზოგადოება

ეროვნული მუზეუმი ეხმიანება ყოფილი თანამშრომლის ნიკა წიქარიძის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ არ განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონით დადგენილ ვადაში მიიღებენ გადაწყვეტილებას სასამართლო დავის გაგრძელების თაობაზე.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენის, დისკირიმინაციის ფაქტის დადგენისა და 5000 ლარის ოდენობით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესში ნიკოლოზ წიქარიძის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეიცავდა დისკრიმინაციის ნიშნებს, შესაბამისად, ეროვნულ მუზეუმს არ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება.

ნიკოლოზ წიქარიძის სარჩელი დაკმაყოფილდა განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მუზეუმს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 900 ლარის გადახდა, 2022 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ასევე აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპესაცია 2000 ლარის ოდენობით.

სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი მიესალმება სასამართლო გადაწყვეტილებას სამსახურში აღდგენაზე უარისა და დისკრიმინაციის არარსებობის ნაწილში, აცხადებს, რომ არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას და კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო დავის გაგრძელების თაობაზე",– ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ნიკოლოზ წიქარიძის შემთხვევაში, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო შესაბამისი ბრძანება.

მათივე ცნობით, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა ნიკოლოზ წიქარიძისთვის განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან, კომპენსაციის სახით მისთვის 2000 ლარის გადახდა.

ეროვნული მუზეუმის, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი თანამშრომლების ათობით სარჩელია სასამართლო წარმოებაში, ამ უწყებებში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ. სამსახურიდან გათავისუფლებულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკანონოდ დაითხოვეს განსხვავებული აზრისა და კულტურის მინისტრის პოლიტიკის მიუღებლობისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები